უცხოეთი
აშშ–ის პოლიციამ ერდოღანის დაცვის წევრებზე ძებნა გამოაცხადა

   საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. ვაშინგტონის პოლიციამ თურქეთის პრეზიდენტის დაცვის წევრების დაკავების ორდერები გასცა. ამის შესახებ აშშ–ის დედაქალაქის პოლიციის შეფმა პიტერ ნიუზემმა დედაქალაქის მერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საუბარია რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაცვის იმ წევრებზე, რომლებმას რამდენიმე კვირის წინ აშშ–ის დედაქალაქში საპროტესტო აქციის მონაწილეებთან შეხლა–შემოხლაში მიიღეს მონაწილეობა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერდოღანის დაცვის 9 წევრი იძებნება. ასევე ძებნა გამოცხადდა თურქეთის პოლიციის 3 ოფიცერსა და კანადის 2 მოქალაქეზე. პოლიციის შეფმა ძებნილებს მოუწოდა, თავად ჩავიდნენ შტატებში და კანონით აგონ პასუხი ჩადენილ დანაშაულზე.

აშშ–ის დედაქალაქში თურქეთის პრეზიდენტის ბოლო ვიზიტის დროს ამერიკაში თურქეთის ელჩის რეზიდენციასთან ერდოღანის დაცვის წევრებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურმა ვაშინგტონმა თურქეთს გაუპროტესტა. თავის მხრივ, ანკარამ ყველაფერი იმ მოტივით განმარტა, რომ ამერიკულმა მხარემ არ მიიღო სათანადო ზომები თურქეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.