საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი და ავსტრიის კანცლერი კრისტიან კერნი აშშ-ს მოუწოდებენ შეიტანონ კორექტურა ახალ ანტირუსულ სანქციებში, ენერგეტიკის სფეროში. ინფორმაციას ავრცელებს ABC.
მათი აზრით, ეს ზომები ევროპული კომპანიებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რომლებიც ევროპის ენერგომომარაგებაზე ზრუნავენ.
"პოლიტიკური სანქციები ხელს არ უნდა უშლიდეს ეკონომიკურ ინტერესს. მსგავსი გადაწყვეტილებები, ძალიან ნეგატიურად მოქმედებს როგორც ამერიკულ-რუსულ ურთიერთობაზე, ასევე ევროპა-ამერიკულზე", - წერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთო განცხადებაში.
პოლიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს, რომ "საქმე ეხება ენერგომრეწველობის კონკურენტუნარიანობას და ათასობით სამუშაო ადგილს", ამიტომაც გერმანია და ავსტრია მოუწოდებს აშშ-ის შეცვალოს ახალი დოკუმენტის ზომები.
"ევროპის ენერგომომარაგება - ეს ევროპის საქმეა და არა ამერიკის შეერთებული შტატების", - აღნიშნავენ გაბრიელი და კერნი.
14 ივნისს, აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გულისხმობს. კანონპროექტის თანახმად, ამერიკულ კომპანიებს და კერძო პირებს აეკრძალებათ რუსული ბანკების დაკრედიტება 14 დღეზე მეტ ხანს. ამ დროისთვის ეს ვადა 90 დღეა. 30 დღემდე შეიზღუდება ასევე რუსული ენერგოკომპანიების დაფინანსების ვადები.