საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა.
დიმიტრი ხუნდაძე ვარაუდობს, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებით საჯარიმო სანქციები არაადეკვატურია. მან დეპუტატებს მიმართა კითხვით, არის თუ არა იმის საშიშროება, რომ ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ ქვეყანაში მომხმარებელთა რიცხვი გაიზრდება.
მის ვარაუდებს და კითხვებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ უპასუხა. ალექსანდრე ბარამიძე აღნიშნული ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში მომხმარებელთა რიცხვის ზრდას გამორიცხავს.
პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრი ადა მარშანია აცხადებს, რომ მარიხუანას მომხმარებელი თუ ყოველ ჯერზე ჯარიმას გადაიხდის, ეს გამოსავალი არ იქნება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მას უპასუხა, რომ აღნიშნული კანონპროექტი მარიხუანასთან დაკავშირებული სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ლიბერალიზაციას გულისხმობს და არა დეკრიმინალიზაციას.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - კონსერვატორების” თავმჯდომარე გიგა ბუკია საკონსტიტუციო სასამართლოს მარიხუანას რაოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მარიხუანას მოხმარება მისთვის მიუღებელია.