საზოგადოება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა წალენჯიხის #1 საჯარო სკოლის დირექტორი, რობერტ ციმინტია თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის მიზეზი სკოლიდან 5 ბავშვის გარიცხვა გახდა.
აღნიშნული სკოლის ხელმძღვანელობამ ბავშვების გარიცხვის გამო გაფრთხილება გასულ წელს მიიღო. "დირექტორმა მოწაფეები სკოლიდან ე. წ. "ხლაპუშკების" აფეთქების გამო გარიცხა, რისი უფლებაც, კანონმდებლობის მიხედვით, არ ჰქონდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას, კანონით, დისციპლინარული საბჭო იღებს. სკოლაში გენერალური ინსპექციის შესვლის შემდეგ დირექტორმა დისციპლინარული საბჭოს დასკვნები წარმოადგინა, მაგრამ იგი გაყალბებული იყო, რადგან აღნიშნულ სკოლაში არანაირი დისციპლინარული საბჭო არ მოქმედებს. აღნიშნულის შემდეგ რობერტ ციმინტიამ გაფრთხილება მიიღო და მდგომარეობის გამოსასწორებლად ვადები განსაზღვრა, მაგრამ სკოლაში მდგომარეობა არ შეცვლილა. ამის შემდეგ ციმინტია მეორედ გააფრთხილეს, ხოლო მოგვიანებით თანამდებობიდან გაათავისუფლეს", – განაცხადა წალენჯიხის რაიონის განათლების სამინისტროს რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა რუსიკო სამუშიამ.დირექტორის განცხადებით მან განთავისუფლების ბრძანება გასულ პარასკევს მიიღო, თუმცა სამსახურის დაკარგვის მიზეზები მისთვის უცნობია.
"როდესაც გენერალურმა ინსპექციამ პრეტენზიები წამოგვიყენა, მე სამინისტროს ახსნა-განმარტება ჩავაბარე, მოგვიანებით კი სკოლაში გათავისუფლების ბრძანება მოვიდა. სამინისტროს გადაწყვეტილებით, როგორც მე, ისევე სკოლის შემადგენლობა, გაკვირვებული დავრჩით. დეტალების შესახებ საქმის კურსში არ ვართ", – აცხადებს ციმინტია.
შეგახსენებთ, რომ რობერტ ციმინტია, როგორც წალენჯიხის #1 საჯარო სკოლის არჩეული დირექტორი, აღნიშნულ პოსტზე 2007 წლიდან მუშაობდა.