საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა სამეგრელოში. სტიქიამ განსაკუთრებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. უხვი ნალექის შედეგად სოფელ ლიაში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა.
ადიდებულმა ღელეებმა სოფლებში პალურში, საჩინოსა და ჯვარში შიდა გზები ჩამორეცხეს. სოფელ ნაკიფუში კი საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულებია დატბორილი. საჩინოში საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მეწყერი ჩამოწვა, ხოლო ქალღალში მეწყერმა სოფლის შიდა გზა დააზიანა.
ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობის ადიდების შედეგად მრავალსართულიანი სახლების ეზოები და სავარგულები დაიტბორა.
სტიქიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. კერძოდ, სოფელ ნაგვაზაოში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ მდინარე ენგურის ადიდება გამოიწვია. ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარემ რამდენიმე მოსახლის საკარმიდამო ნაკვეთი დატბორა.
პრობლემურ მუნიციპალიტეტებში დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, ხიდბოგირები და გაბიონები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასა და გამგეობებში შექმნილია საგანგებო შტაბები. მუშაობს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია.