სამართალი
პარლამენტმა საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

   საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტმა დადგენილების პროექტს - „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“ 98 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. ევროპოლსა და საქართველოს შორის აღნიშნული შეთანხმება, საკანონმდებლო ორგანოს მიერ რატიფიცირების შედეგად, ძალაში შევიდა.

საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ევროპოლის დირექტორმა რობ უენრაითმა „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას მიმდინარე წლის 4 აპრილს მოაწერეს ხელი.

შეთანხმების საფუძველზე საქართველოს შესაძლებლობა ექნება, ევროპოლთან და მისი მეშვეობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან უსაფრთხო კომუნიკაციის არხის საშუალებით გაცვალოს დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები. საქართველოს შს სამინისტრო ევროპოლის შტაბბინაში მეკავშირე ოფიცერს წარგზავნის და ევროპოლის მიერ შექმნილი ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს.