პოლიტიკა
"საქართველო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციას სრულად ითვალისწინებს" - ირაკლი კობახიძე

   საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. საქართველო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციას სრულად ითვალისწინებს და 37 მუხლს კონსტიტუციაში ახლებური ფორმულირებით წარადგენს. ევროპელი ექსპერტების მთავარი რეკომენდაცია გადაუნაწილებელ მანდატებს შეეხებოდა.

ვენეციის კომისია საქართველოს ე.წ ბონუს სისტემის ზედა ზღვარის დაწესებას ურჩევდა. ქართულმა მხარემ სამდონიანი ზღვარი განსაზღვრა. ზედა, რომლის დროსაც პარტია გადაუნაწილებელი მანდატების ხარჯზე 89 მანდატზე მეტს ვეღარ მიიღებს; ქვედა - როდესაც ბონუსის გათვალისწინებით პირველ ადგილზე გასული პარტია 75 ან ნაკლებ მანდატს მიიღებს, მაშინ ბონუსი აზრს კარგავს და გადაუნაწილებელი მანდატები ბარიერგადალახულ ყველა პარტიაზე პროპორციულად გადანაწილდება. ასევე იარსებებს ფარდობითი ზღვარი, რომლის მიხედვით, გამარჯვებული პარტიის მიერ მიღებული გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მის მიერ მიღებული ძირითადი მანდატების 35%-ს (მაგალითად, თუ პარტია მიიღებს ხმების 40%-ს, ის ბონუსის ხარჯზე ვერ მიიღებს მანდატების 54%-ზე მეტს). ამ მოდელის მიხედვით, პირველ ადგილზე გასული პარტია, ბონუსით, როგორც წესი, მხოლოდ იმ შემთხვევაში ისარგებლებს, თუ ის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 38-დან 44%-მდე მიიღებს.