საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ წარდგენილ ინიციატივას, რომელიც პრორუსული ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს.
20 აპრილს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" პარლამენტში შეიტანა ინიციატივა, რომელიც წინასაარჩევნო აგიტაციის მეშვეობით რუსეთის გზავნილების გატარების აკრძალვას გულისხმობს.
საკანონმდებლო წინადადების მიზანია, აიკრძალოს წინასაარჩევნო აგიტაცია, მათ შორის რეკლამის გადაცემა, რომელიც შეიცავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობის, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დარღვევის ან ოკუპაციის ლეგიტიმაციის საფრთხეს.
15 მაისს ეს ინიციატივა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, თუმცა კომიტეტის წევრებმა მას მხარი არ დაუჭირეს. მაშინ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ მიიჩნია, რომ კანონპროექტი პროვოკაციული ხასიათისაა. "რომ ავკრძალოთ, რუსული ტანკები რომ წამოვა, რითი შევაჩეროთ?" - განაცხადა ქანთარიამ. "აგიტაცია და პროპაგანდა უფრო საშიშია თუ პროვოკაციის ახალი ტალღა?" - ამ შეკითხვით მიმართა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საპარლამენტო მდივანს ლიკა საჯაიას უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ.