უცხოეთი
აშშ-ის სენატმა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაკისრებას მხარი დაუჭირა

   საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. ოთხშაბათს, 14 ივნისს, აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთისთვის უკვე დაწესებული სანქციების გაღრმავებასა და დამატებით ახალი შეზღუდვების დაკისრებას გულისხმობს. კანონპროექტით, გართულდება სანქციების მოხსნის პროცედურაც.

BBC-ის რუსული სერვისის ცნობით, ახლა დოკუმენტი კონგრესს გადაეცემა და კონგრესმენების მხარდამჭერის შემთხვევაში, დონალდ ტრამპს გადაეგზავნება ხელის მოსაწერად.

სენატის ინიციატივით, ახალი სანქციები "იმ კორუმპირებულ რუს მოღვაწეებს დაეკისრებათ, ვინც სანქციებისგან თავის დაძვრენას ცდილობს", ასევე მათ, ვინც "მონაწილეობდა ადამიანის უფლებათა დარღვევაში; იარაღს აწვდის ასადის რეჟიმს; რუსეთის ხელისუფლების დავალებით გეგმავს კიბერ თავდასხმებს."

რუსული ტელეარხის, დოჟდის ცნობით, სენატი რუსეთის ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვან სექტორების შეზღუდვასაც გეგმავს, როგორიცაა: სამთო-მომპოვებელი ინდუსტრია, მეტალურგია, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტი. სანქციები დაეკისრებათ მათაც, ვინც რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის სექტორში მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას ჩადებს.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აშშ-მ 2014 წელს, უკრაინაში, დონბასში დაწყებული კონფლიქტის გამო დააწესა. შეზღუდვები აშშ-ში მანამდეც მოქმედებდა, თუმცა კონკრეტულად რამდენიმე რუსი და უკრაინელი ჩინოვნიკისა და კომპანიის წინააღმდეგ.