საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. ორნახევარი თვის განმავლობაში შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით 20 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა, განუცხადა ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ.
ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის 28 მარტს აამოქმედა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. "დღევანდელი სტატისტიკური მონაცემები პოზიტიურია. 20 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა საზღვარი, ხოლო საზღვრიდან უკან გამობრუნებულები არიან ერთეულები, რომლებიც ტექნიკური გაუმართაობის და არცოდნის გამო დააბრუნეს უკან. ჩვენმა საინფორმაციო კამპანიამ ძალიან კარგი შედეგი მოგვცა. ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია", — აღნიშნა დოლიძემ.
საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე ბევრად ადრე დაიწყო აქტიური საინფორმაციო კამპანია მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის წესების გაცნობის მიზნით.
საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში მგზავრობისას საჭიროა გააჩნდეთ ბიომეტრიული პასპორტი, სასტუმროს ჯავშანი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა და მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი.