საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე პეტერ კოლიბა, მისი მოადგილეები, ამავე კომიტეტის წევრები და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი ტომაშ პერნიცკი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეს დავით კოდუას, ქალაქ ზუგდიდის მერს ირაკლი გოგოხიას და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსს ნუგზარ გაბელიას შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჯანდაცვის კუთხით რეგიონში არსებულ ვითარებას. გუბერნატორის მოადგილემ და ქალაქის მერმა სტუმრებს ჯანდაცვის სფეროში ჩატარებული რეფორმის, არსებული სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
დავით კოდუა ჩეხეთის დელეგაციას სოფელ რუხში მშენებარე მულტიფუნქციურ საუნივერსიტეტო საავადმყოფოსა და ცე ჰეპატიტის სკრინინგ ცენტრზე ესაუბრა, რომელიც რეგიონებიდან მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთში აშენდა და ადგილობრივებთან ერთად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს ემსახურება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სენატორებს ქალაქსა და რეგიონში არსებული ზოგადი ვითარება და მნიშვნელოვანი პროექტები გააცნეს.