უცხოეთი
მასშტაბურ ხანძარს ლონდონში მსხერპლი მოყვა

   საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. კენსინგტონის რაიონში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი - გრენფელ ტაუერი დაიწვა. ხანძარს მსვერპლი მოყვა. გარდაცვლილების რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. არიან დაშავებულებიც. ცეცხლი კორპუსს გვიან ღამით გაუჩნდა. შენობა იმდენად დაზიანებულია, რომ არსებობს მისი ჩამონგრევის საფრთხეც.

ხანძრის ლოკალიზება მაშველებმა 8 საათიანი ოპერაციის შემდეგ შეძლეს. გვიან ღამით გაჩენილმა ცეცხლმა 24 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი მთლიანად გაანადგურა. სამართალდამცველებს მთელი პერიმეტრი გადაკეტილი აქვთ. ისინი მოსახლეობას კორპუსთან მიახლოვებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. 

სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, საავადმყოფოებში 30 დაშავებულს მკურნალობენ, თუმცა მათი მდგომარეობის სირთულეს ექიმები არ აკონკრეტებენ. 

ხანძარი საცხოვრებელ კომპლექსს, რომელშიც 120 ბინა მდებარეობს, ადგილობრივი დროით ღამის პირველ საათზე მოედო. ცეცხლი სავარაუდოდ შენობის მეათე სართულზე გაჩნდა და მალევე მთელს კორპუსზე გავრცელდა. შენობაში მყოფმა ხალხმა თავის დაღწევა საკუთარი ძალებით მოახერხა, ნაწილი კი ალმოდებულ შენობაში ბვლოკიდერბული აღმოჩნდა. 

ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე 200 კაციანი სახანძრი ბრიგადა გაიგზავნა, თუმცა ოპერაცია იმ მიზეზით გართულდა, რომ შენობა სახანძრო მანქანებისთვის რთულად მისადგომი აღმოჩნდა. ეს ფაქტორი გრენფელ ტაუერის მაცხოვრებლების მთავარი პრობლემა იყო მაშინაც, როდესაც ხანძრის რისკის გამო შენობაში რეკოსტრუქცია დაიწყო.

ორწლიანი სარემონტო სამუშაოების დროს შეიცვალა ფასადი და სრულად გამოიცვალა ცენტრალური გათბობის სისტემა, რაზეც 10 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაიხარჯა.

სპეციალისტები ხანძრის გაჩენის მიზეზს ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებენ და იმის გამო, რომ შენობაში ცეცხლის კერები ისევ არსებობს, შიგნით შესვლას და მუშაობის დაწყებას ვერ ახერხებენ.