საზოგადოება
ივა კუზანოვს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია შეუჩერდა

clinicსამედიცინო რეგულირების სააგენტოსა და პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, პლასტიკურ ქირურგ ივა კუზანოვს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია ერთი თვით შეუჩერდა. აღნიშნულის მიზეზი გასულ წელს 17 წლის დავით თოთოშვილისთვის ფეხზე ნერვის აღდგენის ოპერაციის ჩატარება გახდა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ პაციენტს ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. პაციენტის ოჯახი მიიჩნევს, რომ კუზანოვმა თოთოშვილს ოპერაცია უხარისხოდ ჩაუტარა, რის გამოც ახალგაზრდას ისრაელში ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კუზანოვის კლინიკაში ოპერაცია ხარვეზებით ჩატარდა და კუზანოვმა პაციენტის წინა დიაგნოზი არ გაითვალისწინა. „კუზანოვის მიერ ხარვეზებით ჩატარებული ოპერაციის გამო საბჭომ პლასტიკური ქირურგისთვის ერთი თვით, 20 თებერვლამდე, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ერთი თვის შემდეგ სამედიცინო რეგულირების სააგენტო კუზანოვისთვის სამედიცინო საქმიანობის სერთიფიკატის აღდგენაზე იმსჯელებს“, - განაცხადა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსმა თემურ პირველაშვილმა. ცნობისთვის, კუზანოვის კლინიკა ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.