საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი ყაზახეთის პრემიერ–მინისტრს შეხვდა

   საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ასტანაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის პრემიერ–მინისტრ ბაკიტჟან საგინტაევს შეხვდა.

მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

მარგველაშვილის განცხადებით, საყურადღებოა ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა, “აბრეშუმის გზა” და ტრანსრეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება.

საქართველოს პრეზიდენტმა ყაზახეთის პრემიერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს მავთულხლართების გავლებას და საქართველოს სასაზღვრო ზოლთან, როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონთან სამხედრო წვრთნებს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სასურველია საერთაშორისო თანამეგობრობის  აქტიური ჩართულობა და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების შეფასება საქართველოს რეგიონების ანექსიის მცდელობებთან დაკავშირებით.