საზოგადოება
“ტყის ძმების” ყოფილი მეთაური საზოგადოებრივი დარბაზი “აფხაზეთის” გამგეობის წევრი გახდა

   საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. ზუგდიდში გაიმართა აფხაზეთიდან დევნილთა საერთო-სახალხო შეკრება, რომელზეც დაფუძნდა საზოგადოებრივი დარბაზი “აფხაზეთი”. დამფუძნებლებს შორის იყვნენ ყოფილი პარტიზანული მოძრაობა “ტყის ძმების” წევრები და თავად მოძრაობის ლიდერი დათო შენგელია.

შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს, უბრალოდ, გამგეობის წევრია და დგას იქ, სადაც დევნილი მოსახლეობა. საინიციატივო ჯგუფის წევრთა განმარტებით, შენგელია მათთან ერთად მონაწილეობდა გაერთიანების ჩამოყალიბების პროცესში, რამდენადაც მათ საერთო პრობლემები და მიზნები აქვთ.

“ჩვენთვის დათო შენგელია ფენომენი არ არის, ის დევნილია. შესაძლოა, ის არ მოხვდეს მოძრაობის გამგეობაში. ძალიან გთხოვთ, ამ სიტყვებს არაფერი დაუმატოთ”, - დარბაზის დაფუძნებამდე განუცხადა ჟურნალისტებს საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა რამინ საჯაიამ.

შეგახსენებთ, რომ პარტიზანული დაჯგუფება “ტყის ძმების” მეთაური დავით შენგელია, რომელიც 1990-2000 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა, 2004 წლის დასაწყისში დააკავეს. მას 24-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ 6 წლის შემდეგ, 2010 წელს ციხიდან გამოვიდა.

შენგელიას გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დასახელდა. ბრალდების მხარე მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვასა და გავრცელებას ედავებოდა.