საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. "საქართველო! ეს შენთვის არის, შენთვის"! - ასეთ კომენტარს აკეთებს ზაზა ფაჩულია - საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენი, რომელიც NBA-ს ჩემპიონი გახდა.
„ეს დასაწყისია და ბევრი ჩემპიონი გვეყოლება კიდევ, გილოცავთ, საქართველო! ძალიან ბედნიერი ვარ, ასე მამხნევებდით კარგ და ცუდ დღეებშიც“, - აცხადებს ზაზა ფაჩულია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
„გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ სუპერფინალური სერიის მეხუთე შეხვედრაში „კლივლენდ კავალიერსი“ ანგარიშით 129-120 დაამარცხა და თავისი არსებობის ისტორიაში მეხუთედ NBA-ს ჩემპიონი გახდა.
ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე მხოლოდ 9 წუთი დაჰყო და მისმა მონაგარმა 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შეადგინა. დღესაც, როგორც მთელი სერიის მანძილზე, შეუდარებელი იყო კევინ დურანტი - 39 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი.
დურანტს მხარი აუბა სტეფ კარიმ - 36 ქულა, 6 მოხსნა, 10 პასი. ლებრონ ჯეიმსის 41 ქულა, 13 მოხსნა და 8 პასი „კლივლენდისთვის“ საკმარისი არ აღმოჩნდა და საბოლოოდ „კავალიერსმა“ სერია 4-1 დათმო.
ფინალების ყველაზე ღირებული მოთამაშე გახდა კევინ დურანტი, რომელსაც ტაირონ ლუმ მთელი სერიის განმავლობაში ვერაფერი დაუპირისპირა. ზაზა ფაჩულია საქართველოს ისტორიაში პირველი კალათბურთელია, რომელმაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საჩემპიონო ბეჭედი მოირგო.