საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. კოკისპირულმა წვიმამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ხობის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარე ხობმა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები დატბორა.
ჩხორწყუს მუნიციპალიტეტში კი ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა შიდა საუბნო გზები ჩამორეცხეს. სოფელ ნაკიანში რამდენიმე ადგილას მეწყერია ჩამოწოლილი.
მდინარე ზანას ადიდების გამო მწყობრიდანაა გამოსული ჩხოროწყუ-ახუთის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიც, ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაღალის უბანში შიდა გზა დაიმეწყრა. ადიდებულმა ღელემ სოფელ ობუჯში ხიდბოგირი დააზიანა და სავარგულები დატბორა, საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა სოფელ ლიაშიც, ადიდებულმა მდინარემ კი სოფელ ნაგურუში გაბიონები დააზიანა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში ძლიერი წვიმის გამო შიდა გზები ჩამოირეცხა. სოფელ ჭითაწყარში არსებულმა სანიაღვრეებმა ვერ გაატარეს უხვი ნალექი, რის გამოც მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. ჭითაწყარში სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. ამ დროისთვის დაზიანებულ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ტარდება.