აქტუალური
MDF: კრემლის საინფორმაციო ზეგავლენის მიხედვით საქართველო რეგიონში მეორე ადგილზეა

   საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. MDF-ის გამოკვლევის თანახმად, კრემლის საინფორმაციო ზეგავლენის თვალსაზრისით საქართველო რეგიონში მეორე ადგილზეა.

კრემლის საინფორმაციო ზეგავლენას ყველაზე მეტად უნგრეთი ემორჩილება, რომელსაც 61 ქულა აქვს. მას მოსდევს საქართველო 54 ქულით და უკრაინა 49 ქულით - ასეთია მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ წარმოდგენილი გამოკვლევის მონაცემები.

გამოკვლევაში შეისწავლეს კრემლის გავლენის ინდექსი. ეს არის მექანიზმი, რომელიც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ანალიტიკურმა ჯგუფებმა შეიმუშავეს ცალკეულ ქვეყნებზე რუსეთის საინფორმაციო გავლენის გასაზომავად. გამოკვლევა მიმდინარე წელს პირველად ჩატარდა ოთხ ქვეყანაში.

ანგარიშში ასახულია საინფორმაციო რესურსები, რომლებიც კრემლის მიზნების მისაღწევად გამოიყენება კონკრეტულ ქვეყნებში, მათი გავლენა და საზოგადოებაში კრემლის მიერ მართული ნარატივების შეღწევა.

MDF-ის მიერ წარმოდგენილ გამოკვლევას უკვე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც აღნიშნა, რომ მოცემულ ეტაპზე საქართველოს მთავრობა წარმატებით უმკლავდება ამ გამოწვევებს.

სრულად გამოკვლევა “კრემლის გავლენის ინდექსი-2017” ყველა ქვეყნის მიხედვით წაიკითხეთ აქ.