სამართალი
ბიზნესმენის გატაცება და სროლა თბილისში - რა შუაშია ზურაბ წერეთელი? (ვიდეო)

   საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. თბილისის ცენტრიდან გატაცებული პირი სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელი გივი ჯიბლაძეა. ინფორმაციას ამის შესახებ "კურიერი" ავრცელებს. ჯიბლაძეს გამტაცებლები ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით 150 ათას დოლარს სძალავდნენ. ჯიბლაძის განცხადებით, ის სახლიდან გამოსვლის დროს ოთხმა პირმა გაიტაცა, რომლებიც მიკროავტობუსით გადაადგილდებოდნენ. მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ერთ-ერთ ავტოსადგომზე გადაიყვანეს (ვიდეო იხ. აქ).

ბიზნესმენი ყვება, რომ გატაცებას წინ უძღოდა დაპირისპირება მოქანდაკე ზურაბ წერეთლის კომპანიის წარმომადგენლებთან. შესაბამისად, ის ვარაუდობს, რომ სწორედ ამ კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა გაიტაცეს, თუმცა, მისივე თქმით, თავად ზურაბ წერეთელი ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული არ იყო.

ჯიბლაძის გამტაცებლების დასაკავებლად შსს-მ სპეცოპერაცია ჩაატარა. უწყების ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ლ.ჩ., დ.ბ., ნ.ბ. და ნ.კ. გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.