ჩვენთან არს ღმერთი
გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, წმინდა სამების დღესასწაულს! სული წმინდა მოვიდეს ჩვენ ზედა და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ. მადლი სულისა წმინდისა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი დაე, დაგვეხმაროს ჩვენ.
მოგეხსენებათ, რამდენად რთულია დღევანდელი დრო. მთელს მსოფლიოში რაღაც უცნაური მოვლენები ვითარდება, დაპირისპირებაა ადამიანთა და სახელმწიფოთა შორის, ასევე დაპირისპირებაა ჩვენთან საქართველოშიც. ეს ყველაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ უნდა გაძლიერდეს ლოცვა, ჩვენი ვედრება და მეტი სულიერება გვმართებს.
თქვენ გახსოვთ, როცა გვიჭირდა, ჩვენ ვლოცულობდით „მოწყალებისა კარი განგვიღე“… ეხლაც გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ დღეში რამდენიმეჯერ ვთხოვოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას დახმარება. ახლა ყველამ ერთად ვთქვათ ეს ლოცვა:
„მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ.“
ასევე გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ხშირად სთქვათ აღსარება და მიიღოთ წმინდა ზიარება. ეს ძალას მოგცემთ.
კარგი იქნება თუ თქვენს შთაბეჭდილებებს, თქვენს სულიერ განცდებს ჩაიწერთ. არა მარტო სასულიერო პირზე, საეროზეც ასეთი სათაურით: „ქრისტესმიერი ჩემი ცხოვრება.“ ფაქტიურად ამით თქვენი სულიერი ბიოგრაფია დაიწერება და თქვენც და თქვენი შთამომავლობაც მერე წაიკითხავს ამ ნაწერს და ეს იქნება ძალიან საინტერესო. ჩვენ ვკარგავთ სახელებს, დიდი წინაპრები იყვნენ ჩვენი წინაპრები და მათ შესახებ კი ცოტა ვიცით.
გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველდღე იფიქროთ სულიერებაზე, იფიქროთ დროებით და მარადიულ ცხოვრებაზე. ბრძენთ უთქვამთ, რომ ყველაზე დიდი ფილოსოფია ის არის, ადამიანი მოემზადოს გარდაცვალებისათვისო. ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს.
ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და საქართველოს მფარველი. ღმერთმა დაგლოცოთ და მშვიდობა მოგცეთ; მშვიდობა მისცეს უფალმა საქართველოს.
დღეს ჩვენ ვლოცავთ სამ გვარს: ჭითანავების, გუბელაძეების, კახეთელიძეების. ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და გაგამრავლოთ სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა.
დალოცვილი იყავით თქვენ და სრულიად საქართველო.
ჩვენთან არს ღმერთი.