საზოგადოება
მაღაროში აფეთქებისას დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა

shaxtaტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში 22 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 56 წლის ვიტალი ტურძელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავაც მძიმეა.

როგორც საქინფორმის კორესპონდენტს აცნობეს თბილისის დამწვრობის ცენტრიდან, მას სხეულის 60 პროცენტისა და სასუნთქი გზების დამწვრობა აქვს მიღებული. იგი შოკის მდგომარეობიდან გამოვიდა, თუმცა მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ვიტალი ტურძელაძეს მკურნალობის კურსი რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში უტარდება.

იქვე მკურნალობს კიდევ ორო მაღაროელი: 60 წლის მამული კუბლაშვილი და 67 წლის ნუგზარ ჯავახიძე. კუბლაშვილს სხეულის 15 პროცენტისა და სასუნთქი გზების, ხოლო ჯავახიძეს 10 პროცენტისა და სასუნთქი გზების დამწვრობა აღენიშნებათ. ისინი შოკიდან უკვე გამოვიდნენ.

ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში შუაღამისას მომხდარ აფეთქებას 36 წლის მერაბ კალანდაძე ემსხვერპლა, ოთხი მაღაროელი კი დაშავდა.

ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფი უკვე ტყიბულში იმყოფება. სპეციალისტების განცხადებით, მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების გამომწვევ მიზეზებს სამ დღეში დაადგენენ. ერთერთი ვერსიით, აფეთქება მოხდა მეტანის აალების გამო.