საზოგადოება
“მარათონი 2017"-ის გამარჯვებულები გუბერნატორმა დააჯილდოვა

   საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში “მარათონი 2017" გაიმართა, რომლის ორგანიზატორი შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობაა.

5-კილომეტრიან გარბენში მონაწილეობა 200-მდე ახალგაზრდამ მიიღო. მარათონში მონაწილეობდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, ზუგდიდის გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია და Gem Fest-ის დამფუძნებელი ორგი სიგუა.

გარბენის დასრულების შემდეგ რუხის სავაჭრო ცენტრში დაჯილდოების ცერემონიალი და კონცერტი გაიმართა. გამარჯვებულებს Gem Fest-ის ერთთვიანი ბილეთები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ გადასცა.

გამარჯვებულებს ასევე გადაეცათ სხვადასხვა პრიზი, მათ შორის ფულადი ჯილდო შპს "კედასგან" და მაღაზია „New Optic“-ის სასაჩუქრე ბარათები.

„მარათონი 2017“-ის ოფიციალური მხარდამჭერები არიან: სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, საპარტნიორო  ფონდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ქალაქ ზუგდიდის მერია, ზუგდიდის ტექნოპარკი და რადიო „ათინათი“.