საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული ახალგაზრდების მიხეილ მგალობლიშვილის და გიორგი ქებურიას საქმეს გამოეხმაურა.
„ფაქტია, რომ კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით არის ზედმეტად მკაცრი და საჭიროებს ლიბერალიზაციას.
ამიტომ თხოვნით მივმართავ პარლამენტს, დაჩქარდეს ამ საკითხზე მუშაობა, რათა საშემოდგომო სესიისთვის მაინც მოვასწროთ სახეცვლილი, ჰუმანური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონის მიღება.
მინდა, აგრეთვე, მივმართო ახალგაზრდობას - ჩვენი მთავრობის ნებისმიერი ნაბიჯი და გადაწყვეტილება არის მიმართული იმისკენ, რომ თქვენ, ჩვენი ქვეყნის მომავალს, შეგიქმნათ თავისუფალი და ცივილიზებული გარემო. არცერთი ახალგაზრდა, არცერთი მოქალაქე ამ ქვეყანაში ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოხატვის თავისუფლების გამო არ დასჯილა და არც მომავალში დგას ჩვენი საზოგადოება ამ საფრთხეების წინაშე.
რაც შეეხება კონკრეტულად ამ ორი ახალგაზრდის დაკავებასთან დაკავშირებულ ვითარებას, პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ უმოკლეს ვადაში შეისწავლის აღნიშნული საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, სამართალწარმოების პროცესი ჯერ დასრულებული არ არის“, – აღნიშნა პრემიერმა.