აქტუალური
თბილისის სასულიერო აკადემიის მძიმე პირობები და კითხვები აკადემიისთვის გამოყოფილ თანხებზე

  საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის აუდიტორიებსა და პანსიონში არსებული ვითარება - ფოტოები, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, მძიმე პირობებს ასახავს. სტუდენტებმა ფოტოები თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულს ირაკლი ჯინჯოლავას გერმანიაში გადაუგზავნეს და სწორედ მან გაასაჯაროვა.

დიახ, მძიმე პირობებში უწევთ განათლების მიღება მომავალ თეოლოგებს, ღვთისმეტყველებს და სასულიერო მამებს. თუმცა, სასულიერო აკადემიის სტუდენტებს იქ არსებული ვითარების შესახებ საუბარი არ სურთ. ბევრი მათგანი კომენტარისგან თავს იკავებს.

ერთადერთი, ვინც კომენტარის მიცემაზე დათანხმდა, ყოფილი კურსდამთავრებული ლადო წითლიძეა. P.S-ის გადამღებ ჯგუფთან ერთად მის გამოჩენას აკადემიაში უსიამოვნება მოჰყვა.

გერმანიაში უმაღლესი რელიგიური სკოლის კიდევ ერთი სტუდენტი ზვიად ცაბაძე აკადემიის ინფრასტრუქტურულ და საგანმანათლებლო პრობლემებზე დაუფარავად ლაპარაკობს.

პანსიონში სტუდენტები კომუნალური ტიპის სახლში მოსახლეობასთან ერთად ცხოვრობენ. 44 სტუდენტს მხოლოდ ერთი აბაზანა აქვს, ტუალეტით კი იქ მცხოვრებ 18 ოჯახთან ერთად სარგებლობენ.

ამასთან, მიუნხენის უნივერსიტეტის თეოლოგიის დოქტორანტი ირაკლი ჯინჯოლავა ამბობს, რომ სემინარიაში სტუდენტები სათანადო განათლებას ვერ იღებენ.

დეკანოზი მამა შალვა კეკელია განმარტავს, რომ სასულიერო აკადემია სხვა შენობაში უნდა გადავიდეს და ბიუჯეტს დღეს არსებული შენობის გარემონტებისთვის არ ხარჯავენ. სასულიერო აკადემია მეცხრე საავადმყოფოს ყოფილ ტერიტორიაზე გადავა.