პუბლიკაციები
ბოლო 20 წლის განმავლობაში უცხოეთში დაახლოებით 200 000 ქართველი დაიბადა - თამარ ჩიბურდანიძე

   საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. ბოლო 20 წლის განმავლობაში უცხოეთში  დაახლოებით 200 000 ქართველი დაიბადა ამის შესახებ დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე მარშალპრესთან საუბარში აცხადებს. მისი თქმით, ბევრი ქართული ოჯახი, რომელიც უცხოეთში ბავშვს აჩენს, მხოლოდ იმ ქვეყნის მოქალაქეობას სჯერდება. ხოლო, უცხოეთში ბავშვის გაჩენის სურვილი, ხელშემწყობი პირობების გამო, თითქმის ყველა ქართულ ოჯახს აქვს. როგორც ჩიბურდანიძეს აღნიშნავს, შესაძლებელია უცხოეთში დაბადებული პატარა ქართველების რაოდენობა კიდევ უფრო მეტი იყოს.

“უცხოეთში მცხოვრებ და იქ დაბადებულ პირებზე სტატისტიკის ზუსტი მონაცემები არ არსებობს, მაგრამ არსებობს დემოგრაფიული გათვლები საქართველოდან წასულ რეპროდუქტიული ასაკის მქონე მოქალაქეებზე. ამ არაზუსტი გათვლებით, ბოლო 25 წლის მანძილზე უცხოეთში დაახლოებით 200 000 ქართველი დაიბადა. სამწუხაროა, რომ ამის ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს. ბევრი ქართული ოჯახი, რომელიც უცხოეთში ბავშვს აჩენს, მხოლოდ იმ ქვეყნის მოქალაქეობას სჯერდება. ხოლო, უცხოეთში ბავშვის გაჩენის სურვილი, ხელშემწყობი პირობების გამო, თითქმის ყველა ქართულ ოჯახს აქვს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ უცხოეთში დაბადებული პატარა ქართველების რაოდენობა კიდევ უფრო მეტია.

საქართველოს მოსახლეობა მე-19-ე საუკუნის დასაწყისში სულ 400 000 იყო, ამავე საუკუნის ბოლოს კი მილიონს გადავაჭარბეთ. ანუ, ეს ის ციფრია, რითაც შეიძლება ერმა არსებობა დაიწყოს. სწორედ ამიტომ არის მათი მჭიდრო კავშირი მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს. კარგი წინადადება დასვა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, რომ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიეცეთ. ეს გაზრდის ემიგრანტების კავშირს ჩვენს ქვეყანასთან. ეს კავშირი კი განსაკუთრებით სჭირდება ბავშვებს, რომელთა დიდმა ნაწილმა ქართული ან არ იცის, ან ცუდად იცის.

მსურს მივულოცო საქართველოს ყველა პატარას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, განსაკუთრებით კი უცხოეთში დაბადებულ და მცხოვრებ პატარა ქართველებს. მიგრაცია ყოველთვის ნეგატიური არ არის, თუკი ის ხარისხობრივად მაღალია. ჩვენი თანამემამულეები ერთგვარი ელჩები არიან უცხო მიწაზე, მათ შორის ბავშვებიც. ვისურვებდი რომ პატარა ქართველების  რაოდენობით, რომელიც ყოველწლიურად იზრდება ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მიღმა, საქართველოს გენოფონდი გაზრდილიყოს. ამისთვის კი მათი მჭიდრო კავშირი და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობაა საჭირო,  და რაც მთავარია,  უცხოური განათლებით გაჯერებული ქართული სული” განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.