აქტუალური
საინვესტიციო დავები უნდა განიხილებოდეს მიუკერძოებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო ინვესტორებს დაკარგავს - ბრიჯით ბრინქი

   საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს მიეძღვნა კონფერენცია, რომელიც ჰერითიჯისა და მარშალის ფონდების ორგანიზებით ჩატარდა.

მთავარი გამომსვლელი კონგრესმენი ტედ პო იყო, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფს ხელმძღვანელობს.

კონფერენციის ეკონომიკურ ნაწილში მონაწილეობდა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბრიჯით ბრინქი. მან სიტყვით გამოსვლისას მაღალი შეფასება მისცა გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს, ქვეყნის რეფორმებს, თუმცა, ასევე, ილაპარაკა თავისუფალი სასამართლოს აუცილებლობაზე.

"ჩვენ ვიცით, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოსაზიდად და შესანარჩუნებლად, ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობისთვის. კერძო სექტორი უნდა ენდობოდეს ბიზნესგარიგებებს და პოტენციური საინვესტიციო დავები სასამართლოების მიერ უნდა განიხილებოდეს მიუკერძოებლად და ეფექტიანად. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო ინვესტორების დაკარგვის წინაშე დგება", - განაცხადა ბრიჯით ბრინქმა.