უცხოეთი
ტრამპი გფბ–ის ექსხელმძღვანელის ჩვენებებით კმაყოფილია

    საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არასდროს ითხოვდა გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის, ჯეიმს კომისგან, პირად ერთგულებას, - განაცხადა ტრამპის ადვოკატმა მარკ კასოვიცმა. ინფორმაციას ავრცელებს BBC.

კასოვიცით თქმით, პრეზიდენტს ასევე არასდროს უთხოვია კომისთვის, შეეჩერებინა გამოძიება ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველის, მაიკლ ფლინთან მიმართებით და რუსეთის ელჩთან მის კავშირებთან დაკავშირებით.

"პრეზიდენტს არასდროს, არანაირი ფორმით, არ უბრძანებია და არც ურჩევია კომისთვის შეეჩერებინა გამოძიება, მათ შორის - "დაანებე ფლინს თავი", - წერია ადვოკატის განცხადებაში.

FBI-ის ყოფილი ხელმძღვანელი ჯეიმს კომი აცხადებს, რომ პრეზიდენტი მას ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლის მაიკლ ფლინის წინააღმდეგ საქმის გამოძიების შეწყვეტას მოითხოვდა, რომელიც აშშ-ში რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან კონტაქტების დამალვაშია ეჭვმიტანილი. „იმედი მაქვს, თქვენ თავს დაანებებთ გამოძიებას და ფლინს, ის კარგი ბიჭია,“- კომის თქმით ასე მიმართა ტრამპმა მას.

ის დარწმუნებულია, რომ თანამდებობა, სწორედ რუსეთსა და ტრამპის საარჩევო შტაბს შორის სავარაუდო კავშირის გამო დაკარგა. თუმცა კითხვაზე, გასცა თუ არა ტრამპმა რუსეთისა და აშშ-ის კავშირების შესახებ გამოძიების შეწყვეტის ბრძანება, კომიმ განაცხადა, რომ სიტყვა "ვბრძანებ" არ გაჟღერებულა.