პოლიტიკა
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ქართული მიწა დარჩეს საქართველოს სახელმწიფოს და მოქალაქეების საკუთრებაში - ირაკლი კობახიძე

   საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. გუშინ, 8 ივნისს საკანონმდებლო ორგანოში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გაგრძელდა. ერთ-ერთი მთავარი სადისკუსიო თემა მიწის უცხოელებზე გასხვისების საკითხი იყო.

როგორც გუშინ გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება აღარ მოხდება.

„ჩვენ ერთმანეთს უნდა დავუპირისპიროთ ორი ინტერესი: ეს არის სტრატეგიული ინტერესი, რომ ქართული მიწა დარჩეს არსებითად საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში. მეორე ინტერესი არის, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ინტერესი. ჩვენ რომ სიღრმისეულად გავაანალიზეთ როგორც ერთ ფაქტორზე, ისე მეორე ფაქტორზე ამ რეგულაციის გავლენა, მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს პირველ ფაქტორს. აქედან გამომდინარე, ეს არ არის პოპულისტური გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.