აქტუალური
აფხაზეთში ტურისტების ნაკადი მკვეთრად შემცირდა

   საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. “აფხაზეთში ტურისტების ნაკადი მკვეთრად შემცირდა”, - განაცხადა სააგენტო “აფსუა-ტურის” დირექტორმა ელიზავეტა მალანიამ სოხუმში კონფერენციაზე “ტურისტული სეზონი 2017-ის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები”. “შეინიშნება არა მარტო საგზურების, არამედ საექსკურსიო მარშრუტების გაყიდვის დონის დაქვეითება. დამსვენებელი იმდენად ცოტაა, რომ ჯერჯერობით ქალაქებსა და რაიონებში ბილეთების გაყიდვის წერტილებიც კი არ გაგვიხსნია”, - აღნიშნა მალანიამ.

კონფერენციის მონაწილეებმა აფხაზეთის ტურისტული სფეროს რიგი პრობლემები დაასახელეს: ავიაგადაფრენის მაღალი ფასი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით უზრუნველყოფის არასაკმარისი განვითარება, გასტარბაიტერთა გაფორმებაში არსებული სიძნელეები, აგრეთვე რუსი ტურისტების ნაკადის აღდგენა თურქეთში.

“აფხაზეთის ტურიზმის კავშირის” პრეზიდენტმა ანა კალიაგინამ აღნიშნა, რომ აფხაზეთში დასვენების მოსურნე ტურისტები, პირველ რიგში, ძვირად ღირებული ავიაგადაფრენის პრობლემას აწყდებიან. მაგალითად, მისი განმარტებით, “თუ სამარიდან სოჭში ივლისში ორნი გაფრინდებიან, ეს 30 ათასი რუბლი დაჯდება”. შემდეგ კი აფხაზეთამდე სახმელეთო ტრანსპორტით უნდა ჩავიდნენ.

მისივე თქმით, ყურადღება უნდა მიექცეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასაღების განვითარებას. “თუნდაც ზაფხულის ტურისტულ სეზონზე შესაძლებელია შეიქმნას პირობები ფერმერული და გლეხური მეურნეობების პროდუქციის გასაღებისთვის. ეს საზკვების  ობიექტების და თავად ტურისტების ახალი და იაფი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით უზრუნველყოფის საშუალებას მოგვცემდა”, - განაცხადა კალიაგინამ. კონფერენციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ სასტუმროს ნომრების ფასის 20%-ით შემცირების მიუხედავად, მათი დატვირთვა 40-დან 80%-მდე შემცირდა.