პუბლიკაციები
ამერიკა მზად არის, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს დაეხმაროს

   ამერიკა მზად არის, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ნატოს წევრ ქვეყნებს და მათ გარდა საქართველოს და უკრაინას დაეხმაროს, მათ შორის ფინანსურად. საუბარია ამერიკის ბიუჯეტიდან 250 მლნ დოლარის გამოყოფაზე.

შესაბამისი კანონპროექტი უკვე შევიდა სენატში. დოკუმენტი უკვე განიხილა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის, თქმით, აღნიშნული კანონპროექტი გმობს უკანონო ქმედებებს, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოში.

“საქართველოს მხარდამჭერ დებულებებს შეიცავს, ის გმობს იმ უკანონო ქმედებებს, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოში, ასევე გმობს ოკუპაციას. მნიშვნელოვანი მომენტია ამ კანონპროექტში ის, რომ იქმნება სპეციალური ფონდი 250 მილიონი დოლარის ოდენობით, რომელიც გათვლილია აღმოსავლეთ ქვეყნებზე, მათ შორის არის საქართველო, რომელიც დეტალურად იქნება გაწერილი სხვადასხვა აქტივობებზე,“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილემ, დავით ზალკალიანმა. 

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ  ხელისუფლებამ უნდა ეცადოს და მაქსიმალურად სათავისოდ უნდა გამოიყენოს აღნიშნული მხარდაჭერა.

“საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ძალიან მჭიდროდ ითანამშრომლოს და სათავისოდ გამოიყენოს ის, რომ ახლა რაც შეიძლება, მწვავე ზეწოლა განხორციელდეს კონკრეტულად იმ ფაქტებზე, რაც საქართველოში მიმდინარეობს, იქნება ეს რუსული პროპაგანდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯერ კიდევ არსებული ოკუპაცია,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნინო კალანდაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრის, სერგი კაპანაძის, თქმით, ხელისუფლება  სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაოს.

“არის აუცილებელი, რომ ეს თანხმა კარგად იყოს გამოყენებული, კონკრეტული გეგმა რომელიც საქართველოს მთავრობას უნდა გააჩნდეს. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს გეგმა გააჩნია, რა აქტივობებში უნდა იყოს ეს თანხა დახარჯული. ამასთან უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებას გააჩნდეს ხედვა, როგორ დააბრუნოს საქართველო-რუსეთის ურთიერთობები დღის წესრიგში ნატო-რუსეთის ურთერთობების, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ურთიერთობების. სანამ ეს არ მოხდება, ჩვენ არ შეიძლება, ველოდოთ რამე გარღვევას ჩვენი და რუსეთის ურთიერთობების შიგნით,“ - აღნიშნა კაპანაძემ.