საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა გ.ს. ქურდობის მცდელობის, ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი თბილისში, ზაქარიაძის ქუჩაზე მოქალაქის საცხოვრებელი ბინის გაქურდვას ცდილობდა.
პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „ნაგანის“ ტიპის რევოლვერი 7 საბრძოლო ვაზნით, „ტე-ტე“-ს სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდითა და 8 საბრძოლო ვაზნით, „ზიგზაუერის“ ტიპის პისტოლეტი 2 მჭიდითა და 17 ვაზნით, ასევე სხვადასხვა ზომისა და ფორმის ხელსაწყოები - ე.წ. „ატმიჩკები“, საკეტი მექანიზმები და გასაღებები, სხვადასხვა სამკაული, მობილური ტელეფონი და მაჯის ორი საათი ამოიღო.
დაკავებულმა მიმდინარე წლის აპრილ-მაისში ვაკე-საბურთალოს რაიონში ჩადენილი ბინის ქურდობის კიდევ 5 ფაქტი აღიარა.