პუბლიკაციები
სამმხრივი საველე სწავლება „კავკასიის არწივი 2017“ დაიწყო

   დღეიდან ათი დღის განმავლობაში საქართველო სამმხრივ საველე სწავლებას „კავკასიის არწივი 2017“ პირველად უმასპინძლებს. ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სასროლეთზე საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფები ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ასევე სპეციალური ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობის განვითარების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების და ურთიერთკოორდინაციის დახვეწის მიზნით სპეციალურ დავალებებს შეასრულებენ.

სწავლებაში მონაწილეობას სახმელეთო  და საჰაერო კომპონენტები მიიღებენ. სამხედროები ტაქტიკურ, საცეცხლე, საინჟინრო და სხვა სპეციალურ ამოცანებს განახორციელებენ. მათ სამედიცინო  მომზადებისა და დასახლებულ პუნქტში ბრძოლის ელემენტების გავლაც მოუწევთ.

სცენარის მიხედვით ქვედანაყოფები მაღალი ღირებულების მიზნებს დაადგენენ და პირდაპირი მოქმედებების განხორციელებით მათ გაუვნებელყოფას მოახდენენ.

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალურ ოპერაციების დანაყოფების ერთობლივი სწავლება რიგით მესამეა. მანამდე აღნიშნულ სწავლებას ორჯერ თურქეთის რესპუბლიკამ უმასპინძლა.