სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

  საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დავით . დააკავეს.

დავით ჯ. თავს ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლად ასაღებდა და საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა სოფ. კრწანისთან მდებარე 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაკანონებაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც 20 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. ამასთან განუმარტა, რომ მიწის დასაკანონებლად მას აღნიშნული თანხის ნაწილი უნდა გადაეცა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში მომუშავე კომპეტენტური თანამდებობის პირებისათვის.

დავით ჯ-მ მოქალაქეს მოტყუებით, თაღლითურად გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 10 000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გადაცემული თანხა ამოღებულია ნივთმტკიცებად.