საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. კონგოში ტყვედ ჩავარდნილი იოსებ ოსურაული ოჯახს მიმართვას უგზავნის. ქართველი მფრინავის ვიდეოგზავნილი ტელეკომპანია “იბერიამ” გაავრცელა.
"რომ ამბობენ ჩემზე, ვიღაცეები ჩახოცაო, მასე არ არის, არ დაიჯეროთ, გთხოვთ, არ დაიჯეროთ. მე არავინ ჩამიხოცავს. დედა, არ ინერვიულო, კარგი ბალღები დაზარდეთ, კარგად გაზარდეთ ჩემი შვილები, ძალიან მიყვარხართ", - ამბობს სოსო ოსურაული მიმართვაში.
ქართველი მფრინავი ტყვეობაში 27 იანვრიდან იმყოფება და ამ დრომდე მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. მისი ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია 22 თებერვალს გავრცელდა. 24 მაისს კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ განაცხადა, რომ სოსო ოსურაული, სავარაუდოდ, დაიღუპა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ოსურაული შეიარაღებული ძალებიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე 2015 წლის მარტში წავიდა, კონგოდან მიღებული შეთავაზების გამო.