უცხოეთი
არაბულმა ქვეყნებმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს

  საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. არაბული სახელმწიფოების კოალიციამ, რომელსაც საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს და იემენში ამბოხებულებთან ბრძოლისთვის შეიქმნა, ყატარი ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ-ქაიდასთან“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში დაადანაშაულა. ამის შესახებ Al Arabiya იუწყება. ამის გამო  არაბულმა სახელმწიფომ, საუდის არაბეთმა, ბაჰრეინმა, ეგვიპტემ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ განაცხადეს.

არაბულმა ქვეყნებმა ყატარი რეგიონში ტერორიზმისა და დესტაბილიზაციის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. კერძოდ, ეგვიპტემ განაცხადა, რომ ოფიციალური დოჰა „მუსლიმ ძმებს“ ეხმარება. 

ყატარსა და მის მეზობლებს შორის კონფლიქტი ელ-რიადში გამართული აშშ-სა და სპარსეთის ყურის ქვეყნების სამიტიდან ერთ კვირაში განვითარდა. ერთ-ერთმა ყატარულმა სააგენტომ ამირის სახელით მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ირანთან ურთიერთობის დალაგებაზე იყო საუბარი. არაბული ქვეყნების სამიტზე კი ირანი მტრული პოლიტიკის წარმოებაში დაადანაშაულეს და ადეკვატური ზომების მიღებით დაემუქრნენ. მოგვიანებით, ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სააგენტოს ვებგვერდი გატეხეს და ამირის სახელით განცხადება ჰაკერებმა გაავრცელეს. თუმცა არაბულმა ქვეყნებმა ეს უარყოფა დამაჯერებლად არ მიიჩნიეს.