საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. შემთხვევა სამ ივნისს შუადღეს მოხდა.
ვიდადი ისგანდაროვი ყვება, რომ მას ორი პირი საცხოვრებელ სახლთან დახვდა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
„სახლიდან გამოსვლისას ჩემს სადარბაზოში 2 ადამიანი დავინახე. ისინი აზერბაიჯანულად მემუქრებოდნენ მოკვლით. სახლში შესვლა მოვასწარი და პოლიციაში დავრეკე. როდესაც სახლში დავბრუნდი, ინტერნეტში ვნახე სპეცსამსახურების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მე აზერბაიჯანში ხალხს შეიარაღებული ამბოხისკენ მოვუწოდებდი. ვფიქრობ, წინასწარ ამზადებენ ნიადაგს, რადგან არსებობს დადასტურებული ინფორმაცია ჩემი ფიზიკური ლიკვიდაციის შესახებ. როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ჩემმა კოლეგამ აფგან მუხთარლიმ გამაფრთხილა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც აქ აზერბაიჯანელ ოპოზიციონერებს აკონტროლებენ. არაერთი თავდასხმისა და მუქარის შემცველი შეტყობინების შემდეგ წერილით მივმართე გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრეზიდენტს. არცერთი მათგანისგან პასუხი არ მიმიღია”, - განაცხადა საერთაშორისო ფონდ “სახალხო დამცველის” პრეზიდენტმა ვიდადი ისგანდაროვმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ისგანდაროვის შეტყობინების საფუძველზე სამართალდამცველები ადგილზე გამოცხადდნენ, თუმცა გაირკვა, რომ თავდასხმა არ მომხდარა.