საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოს შსს-ს მიერ სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილ პოლიციის 12 ატაშეს შეხვდა და საგანგებო თათბირი გამართა.
ატაშეებმა მინისტრს გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალური ანგარიში ჩააბარეს და დავალებები მიიღეს. შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში წარგზავნილი ატაშეების როლი კიდევ უფრო გაიზარდა.
„ძალიან მალე ჩვენი პარლამენტი მოახდენს შეთანხმების რატიფიცირებას და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვითანამშრომლოთ ევროპოლთან და ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან, როგორც ოპერატიული, ასევე არაოპერატიული მიმართულებით, უსაფრთხო არხის მეშვეობით გავცვალოთ მნიშვნელოვანი საპოლიციო და ოპერატიული ინფორმაცია, მონაწილეობა მივიღოთ ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში“, - განაცხადა მღებრიშვილმა.