პოლიტიკა
სახალხო კრება მედიას ბინძური კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს

krebaXXXXსახალხო კრება ხელისუფლებასა და მედიას კრების წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს და დიპლომატიურ კორპუსს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში სახალხო კრების შესახებ გასული სიუჟეტის დაგმობას სთხოვს.

როგორც სახალხო კრების აღმასრულებელ საბჭოში აცხადებენ, სააკაშვილის ხელისუფლება მუდმივად ახორციელებს ბინძურ და დეზინფორმაციულ კამპანიას სახალხო კრების წინააღმდეგ, რისთვისაც ერთ-ერთ აქტიურ ბერკეტად მის მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებებს იყენებს.

მათი თქმით, 20 იანვარს სახალხო კრებამ მთელი თბილისის მასშტაბით სამოქალაქო წინააღმდეგობის რაიონული კომიტეტები დააფუძნა. ღონისძიებას 1500 სახალხო კრების აქტიური მხარდამჭერი ესწრებოდა. წინააღმდეგობის კომიტეტების დაფუძნების ფაქტს გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან სრული იგნორირება, ხოლო, ტელეკომპანია „იმედის“ მხრიდან 17:00 საათიან „ქრონიკაში“ სრულიად აბსურდული და ცინიკური სიუჟეტის მომზადება მოჰყვა.

“სიუჟეტის სათაურიც კი, - „დაშლილი კრება“ - ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდა არაობიექტურობასა და ტენდენციურობაზე, ხოლო, თავად სიუჟეტიც ტელეკომპანია „იმედისთვის“ კარგად აპრობირებული ტექნოლოგიების საფუძველზე იყო აწყობილი - ღონისძიების მიზანსა და მიმდინარეობაზე კომენტარებს აკეთებდნენ შემთხვევითი გამვლელები, ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით საერთოდ არ იყვნენ საქმის კურსში. მიუხედავად იმისა, რომ სიახლეს არ წარმოადგენს ტელეკომპანია „იმედის“ „შესაძლებლობები“, მოდელირებული სიუჟეტების შექმნით ემსახუროს სააკაშვილის რეჟიმს, მივმართავთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტის დეტალებით. ასევე, მივმართავთ „ჟურნალისტთა ეთიკის საბჭოს“, რომ შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი, ობიექტურად შეაფასონ და კომპეტენციის ფარგლებში სათანადო მსჯელობის საგანი გახადონ, რამდენად ჯდება ჟურნალისტთა ეთიკისა და პროფესიონალიზმის ჩარჩოებში მსგავსი ქმედებები”,-აცხადებენ სახალხო კრებაში.

მათი თქმით, ობიექტურობის დადგენის მიზნით, კრება მზადაა, ყველა დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს 20 იანვრის ღონისძიების ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა, რომლებიც სრულად ასახავს მიმდინარე მოვლენას.