აქტუალური
ოკუპირებული რეგიონები და დევნილები - გაერომ რეზოლუცია მიიღო

   საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. ნიუ იორკში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 71-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. გაეროს გენერალური ასამბლეა ამ რეზოლუციას 2008 წლიდან იღებს. პროექტს 80-მა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, 14 წინააღმდეგი იყო, მათ შორის რუსეთი, 61-მა კი თავი შეიკავა.

წინა წელთან შედარებით, რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი ოთხით გაიზარდა.

რეზოლუცია მოუწოდებს გაეროს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად მოამზადოს ანგარიში საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე. რეზოლუციაზე კომენტარი გააკეთა გაეროში საქართველოს ელჩმა.

„რეზოლუცია ამყარებს იმ ძირითად ფუნდამენტურ პრინციპებს, რაც ეხება დევნილთა დაბრუნების უფლებას, უსაფრთხო გარემოში ღირსეულად დაბრუნების უფლებას, უფლებას მათ საკუთრებაზე და ხაზს უსვამს იმას, რომ დაუშვებელია ძალისმიერი ცვლილება დემოგრაფიისა, და ასევე, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა კახა იმნაძემ.