საზოგადოება
პრემიერი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე ლაპარაკობს

   საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

"ბოლო პერიოდში მომხდარი რამდენიმე ხანძრის შედეგად საკმაო ზარალი მიადგა სავაჭრო ცენტრებს, მათ მომხმარებლებს, იქ ფუნქციონირებად მცირე და საშუალო ბიზნესს. ამიტომ შემოგვაქვს ცვლილება - სახელმწიფო შეადგენს ნუსხას და ამ ნუსხაში გათვალისწინებულ ობიექტებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მათ მფლობელებს ექნებათ სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა, რათა მესამე პირების მიმართ სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონების ნაწილში მიყენებული ზიანი იყოს აუცილებელი წესით დაზღვეული", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

“ჩვენ ასევე ვმუშაობთ, რომ მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა გავრცელდეს არა მხოლოდ უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებზე, არამედ ყველა ავტომფლობელზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მწვანე ბარათის სისტემაში საქართველოს გაწევრიანებისთვის და იმისათვის, რომ საქართველოში მოგზაურმა უცხოელებმა იგრძნონ თავი ქვეყანაში, სადაც ვრცელდება ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოებში მოქმედი წესები", - განაცხადა პრემიერმა.