საზოგადოება
“დღეს მსოფლიო ისე სწრაფად იცვლება...” - ანატოლი ბიბილოვს მიაჩნია, რომ რფ-ის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის შესვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებაში აჩქარება და რესპუბლიკაში სამხედროების რიცხვის გაზრდა საჭირო არ არის

   საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ რეფერენდუმთან “ადრე თუ გვიან მივალთ და ამას ვერსად გავექცევით”. ბიბილოვმა აღნიშნა, რომ ძნელია რაღაც ნაბიჯების გადადგმა, სანამ არ ჩატარდება კონსულტაციები სამხრეთ ოსეთის, რუსეთის პოლიტიკურ ძალებთან და რფ-ის ხელმძღვანელობასთან. ამასთან დაკავშირებით მან არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, რეფერენდუმი 2017 წლის ბოლომდე არ გაიმართოს და დასძინა, რომ “დღეს მსოფლიო ისე სწრაფად იცვლება...”.

ბიბილოვმა ხაზი გაუსვა, აგრეთვე, რომ არ შეიძლება, არ გაითვალისწინონ ზოგიერთი არაღიარებული ქვეყნის ინტერესები, რომლებთანაც სამხრეთ ოსეთს ეკონომიკური ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, რადგან გუშინ სამხრეთ ოსეთი ისეთსავე სიტუაციაში იყო, როგორშიც დღეს ეს ქვეყნები არიან. მან დასძინა, რომ აუცილებელია ამ ქვეყნებთან კონსულტაციების ჩატარება.

გარდა ამისა, “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ “სამხრეთ ოსეთი ვერ ხედავს რუსი სამხედროების რიცხვის გაზრდის აუცილებლობას, ცხინვალს თვითონ შეუძლია საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა”. “ის შეიარაღება, რომელიც არსებობს რესპუბლიკაში და სამხედრო მოსამსახურეთა ის კონტინგენტი, რომელიც არის, მათ შორის, რფ-ის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოში, საკმარისია სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის... სავსებით საკმარისია, რომ შესაძლო აგრესორს საკადრისად დავხვდეთ. რუსეთის ფედერაციიდან ან სამხრეთ ოსეთის შიგნით  დამატებით რაღაც ძალების მობილიზაციის აბსოლუტურად არანაირი აუცილებლობა არ არსებობს”, - ხაზი გაუსვა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა.

წყარო: http://presidentruo.org/anatolij-bibilov-yuzhnaya-osetiya-ne-schitaet-neobxodimym-narashhivat-chislo-rossijskix-voennyx/