არნო ხიდირბეგიშვილი: ევროატლანტიკური.ge
რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ევროატლანტიკური.ge

   “ჩიხებში კი არ უნდა შევიდეთ, არამედ ქუჩები ვეძებოთ, თანაც - ქუჩები ორმხრივი მოძრაობით!” (რუსეთის პრეზიდენტი ვ. პუტინი, 2 ივნისი, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი-2017)

ვერცერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მსოფლიოში ვერ გადაწყდება რუსეთის მონაწილეობის გარეშე! ჩვენ აუცილებლად უნდა უზრუნველვყოთ ერთობლივი ქმედებების გატარება. იმიტომ, რომ თუ ამისთვის აუცილებელ პირობებს არ შევქმნით, მნიშვნელოვანეს საკითხებში წინ ვერ წავიწევთ. თუ არ იქნება ღია და გულწრფელი დიალოგი, თუნდაც ზოგჯერ უსიამოვ მომენტების თანხლებით, მაგრამ ორივე მხარის მიმართ მომთხოვნი დიალოგი, ჩვენ ვერასოდეს წავიწევთ წინ ვერც სირიის და ვერც უკრაინის პრობლემაში!, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა 2017 წლის 29 მაისს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების შეჯამებისას.

საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის სიტყვებს შეიძლება დავუმატოთ, რომ რუსეთის გარეშე შეუძლებელია წინ წაწევა საქართველოს პრობლემაშიც, თუმცა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას რატომღაც მიაჩნია, რომ შეძლებს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის და, აგრეთვე, საქართველოს ნატოში შესვლის საკითხის გადაწყვეტას რუსეთის ფედერაციასთან დიალოგის და ერთობლივი მოქმედების გარეშე.

რა არის მსგავსი შეცდომის მიზეზი? მეზობელმა აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის შემდეგ არ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან - სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორთან, არ დაიწყო საშველის ძებნა ნატოში და ევროკავშირში, როგორც საქართველომ. მაშასადამე, კავკასიის რეგიონში პრობლემების მსგავსი მეთოდით გადაჭრის პრეცედენტი არ არსებობს.

იქნებ საქართველოს ხელისუფლებისათვის საფუძველი ქართველი ხალხის ნება გახდა? ისევ არა, იმიტომ, რომ თუნდაც ამერიკული ინსტიტუტების IRI-ს, NDI-ის სოციალური გამოკითხვების და 2008 წლის პლებისციტის გაყალბებულ შედეგებს დავუჯეროთ, საქართველოს ნატოში შესვლის მოწინააღმდეგეთა რიცხვი 30%-ის ფარგლებში მერყეობს და მეტიც იქნებოდა, სოციალური გამოკითხვები და პლებისციტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რომ ჩატარებულიყო, რომლებსაც აშშ და ევროპა საქართველოს ტერიტორიად აღიარებენ.

რეალურად საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი და რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მომხრე მოსახლეობის, მინიმუმ, 57%-ია (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე) - დაახლოვებით ამდენმა ამომრჩეველმა მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მათ რომ ნატო ნდომებოდათ, ხომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აირჩევდნენ, რომლის ლიდერი - პრეზიდენტი სააკაშვილი - საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ცოცხალი განსახიერება გახლავთ!

თუმცა, რა განსხვავებაა, რამდენი პროცენტია „მომხრე“ და რამდენი - „წინააღმდეგი“? განა ციფრების უკან ცოცხალი ადამიანები არ დგანან, რომელთა უფლებებს პატივი უნდა ვცეთ და უნდა დავიცვათ?! განა დასავლური დემოკრატიის და ლიბერალური ღირებულებების ქვაკუთხედად ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, ყოველი ინდივიდის ინტერესების დაცვის პრინციპი არ არის გამოცხადებული - განსხვავებით სოციალისტური მორალისაგან, რომელიც უპირატესად უმრავლესობის უფლებების პრევალირებას მიიჩნევდა? არცერთი გამარჯვება და მიღწევა არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის ცრემლად!“ - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი მოღვაწეობა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილმა და სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი დაგმო. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები - აშშ, ნატო და ევროკავშირი კი გამუდმებით ახსენებენ ქართველებს, რომ სწორედ ნებისმიერი  უმცირესობათა უფლებების დაცვა, თავისუფალ მედიასთან ერთად, არის საზოგადოების სიმწიფის, სახელმწიფოს დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობის მთავარი მაჩვენებელი, რის გარეშეც ალიანსის და ევროკავშირის წევრობა გამორიცხულია. იმიტომ, რომ ნატო - მხოლოდ სამხედრო ბლოკი და М-240 ტყვიამფრქვევები კი არ არის, რომლებითაც გასულ კვირას ქართულ არმიაში კალაშნიკოვის ტყვიამფრქვევები შეცვალეს, არამედ ღირებულებათა სისტემაა“.

ღირებულებათა სისტემა, რომელიც, ადამიანის უფლებების და მედიის თავისუფლების დაცვასთან ერთად, არ კრძალავს სარაკეტო დარტყმების მიყენებას იუგოსლავიისა და ავღანეთისათვის, ლიბიისთვის, ერაყისა და სირიისათვის; რომელიც ჰომოსექსუალისტს - ლუქსემბურგის პრემიერის ცოლს - ჯგუფურ ფოტოზე ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერების მეუღლეებთან  ერთად გულისხმობს; როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც 9300 კილომეტრი გადაიფრინა ვაშინგტონში მიღებაზე მოსახვედრად, ოვალურ კაბინეტში სკამსაც კი არ სთავაზობენ! საინტერესოა, უნდა მოითმინოს თუ არა ქართველმა, თუკი მას უხეშად ჰკრავს ხელს მეორე ქვეყნის პრეზიდენტი, როგორც ტრამპმა ჰკრა ხელი ჩერნოგორიის პრეზიდენტს? მოითმინოს, იმიტომ, რომ მისი ქვეყანა ეს-ესაა ნატოში მიიღეს? უნდა მოითმინოს თუ არა ქართველმა, თუ მას სახალხოდ დამცინავად შემოულაწუნებს ევროკომისიის თავმჯდომარე, როგორც ჟან-კლოდ იუნკერმა გაარტყა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს? მაშ შეგვეფერება თუ არა ჩვენ ესღირებულებათა სისტემა”?! შეეხამება თუ არა ის კავკასიის ტრადიციებს, ქართულ ღირებულებათა სისტემას? არა, ეწინააღმდეგება და ამიტომ გამუდმებით ეჯახება ქართველების წინააღმდეგობას, რომლებიც დაჟინებით მოითხოვენ საქართველოს კონსტიტუციაში სხვადასხვა ჩანაწერის გაკეთებას: ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის შესახებ; უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვის შესახებ; დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადების შესახებ და სხვ.

  და სულ მთლად სასაცილოა, როცა “დასავლური ერთიანობით" გვაცდუნებენ - აქაოდა, საქართველო ერთიან ევროპულ ოჯახში ბრუნდება და მას ნატოს წესდების მე-5 მუხლი დაიცავს, რომელიც კოლექტიურ უსაფრთხოებას ეხებაო! უკაცრავად, მაგრამ როდის იყო ევროპა ერთიანი ოჯახი?! მთელი ისტორიის მანძილზე ინგლისელები ფრანგებს ეომებოდნენ, ფრანგები და ინგლისელები - გერმანელებს და პირიქით, პირველი და მეორე მსოფლიო ომების გახსენებაც კი საკმარისია! დღეს კი, ევროკავშირში გაერთიანება ძლივს მოასწრო, რომ  დიდმა ბრიტანეთმა ბრექსითი "გაიჯახუნა" და "ოჯახიდან" წავიდა... რაც შეეხება ნატოს, პრეზიდენტ ტრამპის არჩევის შემდეგ იმ ორგანიზაციის ბედი, რომლის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი და სპონსორი აშშ-ა, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებას სურს, კონსტიტუციაში ჩაწეროს, რომ "საქართველოს ისტორიული მისწრაფებაა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლა"!

ამისათვის ლოგიკური ახსნის გამოძებნა შეუძლებელია, მაგრამ ახლახან - მაისის მეორე ნახევარში მომხდარი ბოლო ორი მოვლენა ახსნასაც კი არ საჭიროებს: საქართველოს, პრაქტიკულად, განუცხადეს, რომ ნატოში არ მიიღებენ, სანამ ის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ ცნობს, ან სანამ რუსეთი უკან არ წაიღებს ამ რესპუბლიკების  დამოუკიდებლობის აღიარებას, ვინაიდან ალიანსის ხელმძღვანელობა არ აპირებს, საქართველოს გულისთვის დაარღვიოს ნატოს წესდების მე-5 პარაგრაფი, რომელიც ტერიტორიული პრობლემების მქონე ქვეყნების მიღებას კრძალავს.

პირველი მოვლენა: 6-18 მაისს ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო სტრუქტურების უფლებამოსილი წარმომადგენლები - ამიერკავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენელი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე ევროკავშირისაგან, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე ეუთოსაგან და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე გაეროსაგან - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩავიდნენ, თანაც არა საქართველოს, არამედ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, რაც, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, დანაშაულია და ისჯება ჯარიმით 3 ათას დოლარამდე ან პატიმრობით 4 წლამდე ვადით. ვიზიტის განმავლობაში მაღალი რანგის ევროპელი დიპლომატები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელებს "თავიანთ კოლეგებს", "პრეზიდენტებს", "მინისტრებს" უწოდებდნენ, ულოცავდნენ “წარმატებით ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებას”, რის შედეგადაც დაიკავეს ეს "მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობები" და მადლობას უხდიდნენ  საქართველოსთან "კარგად კეთილმოწყობილი საზღვრის დათვალიერების შესაძლებლობისთვის". გარდა ამისა, დაჰპირდნენ, რომ აიძულებდნენ "ქართულ მხარეს", აფხაზურ და ოსურ მხარეებთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი. მიუხედავად იმისა, რომ ევროპელ დიპლომატთა წარმომადგენლობითმა დელეგაციამ მშვენივრად იცის, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ნებისმიერი ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოს მიერ საერთაშორისო სამართლის სრულუფლებიან სუბიექტებად - მისგან განცალკევებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მათ აღიარებას ნიშნავს!

მეორე მოვლენა: 26-29 მაისს თბილისში ჩატარდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომელმაც უჩვენა, რომ საქართველო უწინდებურად ისევე შორს არის ნატოსაგან, როგორც პრეზიდენტ სააკაშვილის დროს, რომელიც ჯერ გვპირდებოდა, რომ საქართველოს სულ მალე „МАР-ს მისცემდნენ“, მერე - რომ საქართველოს “МАР-ზე მეტი” მისცეს, ბოლოს კი - რომ საქართველოს "ოქროს ბარათი" მისცეს. გასულ კვირას საქართველოს გაუმეორეს, რომ კიდევ ბევრი მუშაობა სჭირდება МАР-ის მისაღებად, თანაც ვადა ისევ არ დაუზუსტებიათ.

და კიდევ, იმისათვის, რომ საქართველო ნატოში ალიანსის მე-5 პარაგრაფის დაურღვევლად მიიღონ, თბილისში 29 მაისის სხდომაზე მიღებულ დეკლარაციაში „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ" ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა რუსეთს, "გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და თავისი შეიარაღებული ძალები ამ ტერიტორიებიდან გაიყვანოს". ანუ,  ყველაფერი ისევ რუსეთზეა დამოკიდებული! აი, ესეც საქართველოს ევროატლანტიკური „მეგობრების“ „ღირებულებათა სისტემაა“!

და ამ დროს, იმის ნაცვლად, რომ რუსეთის ფედერაციასთან დიალოგი დაეწყო, საპარლამენტო მეოცნებე უმრავლესობა ევროატლანტიზმის ბაზაზე საპარლამენტო ნაც-უმცირესობასთან გაერთიანდა და "რუსეთის ინტერვენციის" წინაშე პირადი მტრობა გვერდზე გადადო, რითაც ხელები გაუხსნა რუსეთს, რომ საქართველოს ნაცვალგების პრინციპით მოექცეს - როგორც არამეგობრულ სახელმწიფოს! სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შექმნილი სიტუაცია რომ შეაფასა, 27 მაისს ქართველ ემიგრანტებს მოუწოდა, სამშობლოში არ დაბრუნდნენ და უცხოეთში დარჩნენ.

 

 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 5 ივნისი
საქართველო, თბილისი