სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს _ ნინოობას და დავით გარეჯელის დღესასწაულს.
ჩვენს ისტორიაში და საერთოდ კაცობრიობის ისტორიაში ხშირი შემთხვევაა, როცა გამოჩნდება ისეთი მნიშვნელოვანი პიროვნება, რომლის გავლენაც არის მთელი საუკუნეების მანძილზე და მანამდეც სანამ იარსებებს ეს დედამიწა. აი ასეთი პიროვნება ბრძანდება წმინდა ნინო, რომელიც ჩამოვიდა კაბადოკიიდან საქართველოში და შესცვალა ჩვენი ერი, შესცვალა კულტურა, სარწმუნოება და დაგვაყენა ჭეშმარიტ გზაზე.
თქვენ წარმოიდგინეთ, წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, რა იქნებოდა საქართველო. ან იქნებოდა ქრისტიანობა საქართველოში? წმინდა ნინომ თავისი ღვაწლით, თავისი ლოცვითა და სასწაულებით; გაკურნა ნანა დედოფალი, მირიან მეფეს კი დაუბრუნა მხედველობა, როცა მან მიმართა წმინდა ნინოს ღმერთს. წმ. ნინომ აღასრულა სხვა მრავალი სასწაული, რაც მეტყველებს იმაზე, რომ იგი არის განსაკუთრებული პიროვნება საქართველოსთვის და ჩვენ ყოველდღე უნდა ვადიდოთ წმინდა ნინო და უფალი, რომელმაც მისცა ეს ძალა წმინდა ნინოს.
დღესვე არის ხსენება დავით გარეჯელისა. მისი ღვაწლი და მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს.
ჩვენთან არს ღმერთი!