პოლიტიკა
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა

   საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 46-ე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან საოკუპაციო ხაზსა და მის

მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ინციდენტები განიხილეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2016 წლის 19 მაისს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს. მონაწილეებთან ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს, რომ აუციელებელია მკვლელობაში მსჯავრდებული რაშიდ კანი ოღლის დაკავება, რაზედაც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მის წინააღმდეგ ე.წ. პროკურატურამ "სისხლის სამართლებრივი დევნა" შეწყვიტა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის უკიდურესად ნეგატიური და ცალსახად ცინიკური. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიყენებს ყველა შესაძლო ბერკეტს, რათა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული რაშიდ კანჯი ოღლი წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საოკუპაციო ზოლზე ბოლო პერიოდში გააქტიურებულ ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესს და იმ პრობლემებს, რომელიც ადგილობრივებს ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის შედეგად შეექმნათ. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ მსგავსი სახის უკანონო ქმედებები, არღვევს ადგილობრივების ფუნდამენტურ უფლებებს და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს იმ მოქალაქეების დაკავების ფაქტებზე, რომლებიც კვლავ უკანონოდ იმყოფენიან ე.წ. პატიმრობაში.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 28 ივნისს გაიმართება.