საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. გუშინ სახალხო დამცველმა ქვეყანაში ბავშვთა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე ანგარიში წარადგინა. ომბუდსმენმა საზოგადოებას გააცნო კვლევა სათამაშოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და დაიწყო კამპანია “უსაფრთხო სათამაშო”.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოში შეძენილი და შემოწმებული 10 სათამაშოდან 9 მავნე ნივთიერებებს შეიცავს.
„სახელმწიფოს მიერ არ არის განსაზღვრული ბაზრის ზედამხედველობის ორგანო და სათამაშოების უსაფრთხოების საკითხი სახელმწიფო კონტროლს მიღმა რჩება მაშინ, როდესაც საბავშვო სათამაშოები საფრთხეს უქმნის ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის პროექტების ხელმძღვანელის ვახტანგ კობალაძის განმარტებით, შემოწმებული სათამაშოებიდან ბევრ მათგანზე იყო ისეთი ტიპის მონიშვნა, რომელიც იმაზე მიანიშნებს, რომ სათამაშო ევროკავშირის სტანდარტებს შეესაბამება. აქედან გამომდინარე, ადგილი აქვს ფალსიფიკაციასაც.