პოლიტიკა
შს მინისტრის მტკიცებით, საზღვარი დაცულია, მაგრამ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა მისი უკანონოდ გადაკვეთა მაინც შეძლო

   საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და ქართული სპეცსამსახურების ამ საქმეში მონაწილეობა კატეგორიულად გამორიცხა.

შს მინისტრის განცხადებით, მუხთარლი დაკავებული იქნა აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის მიერ ბალაკენსკის რაიონის მიმართულებით, საქართველოს მხრიდან სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და დიდი ოდენობით არადეკლარირებული უცხოური ვალუტის საქართველოდან აზერბაიჯანში კონტრაბანდის სახით გადატანის გამო.

"საქართველოს სასაზღვრო პოლიცია სახელმწიფო საზღვრის კონტროლს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს, გამშვები პუნქტების გარდა, ტერიტორიების, .. მწვანე ზოლის სასაზღვრო პოლიციის მორიგე ჯგუფების მიერ კონტროლს. ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი შეიძლება ადამიანმა მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს, დაბალია, მაგრამ არსებობს. აზერბაიჯანელი კოლეგების განცხადებით, მუხთარლის შემთხვევაში სწორედ მსგავს ფაქტთან გვაქვს საქმე", - აცხადებს გიორგი მღებრიშვილი. 

შს მინისტრი ჟურნალისტის ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც ეხმაურება, სადაც ის აფგან მუხთარლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ თბილისიდან ძალის გამოყენებით გაიტაცეს.

"არასწორად და დაუშვებლად მიგვაჩნია საქმეზე წინასწარი დასკვნების გაკეთება, მითუმეტეს, ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების დისკრედიტაციის მცდელობა", - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.