აქტუალური
სამხრეთ ოსეთი დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რეპუბლიკებში თავის საელჩოებს გახსნის - რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო

   საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა თვითგამოცხადებულ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში თავის საელჩოებს გახსნის. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ახალი ხელმძღვანელის - დიმიტრი მედოევის წარდგენის დროს განაცხადა - იუწყება ТАСС-ის კორესპონდენტი.

“ჩვენ განვავითარებთ ურთიერთობას ქვეყნებთან, რომლებიც ვაღიარეთ, - თქვა მან, - უახლოეს ხანებში სამხრეთ ოსეთში გამოიყოფა შენობა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსთვის. თავის მხრივ, ამ რესპუბლიკის ხელმძღვანელობას უკვე გამოყოფილი აქვს კარგი შენობა დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საელჩოსთვის. ანალოგიური შეთანხმება მზადდება ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთანაც”.

ბიბილოვმა დასძინა, რომ საელჩოში სამუშაოდ დონეცკში მიავლენენ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის კურსდამთავრებულებს - სამხრეთ ოსეთის პროფესიონალ დიპლომატიურ მუშაკებს. მან აღნიშნა, რომ რეალიზაციის პროცესშია დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან სამხრეთ ოსეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების გეგმები.

სამხრეთ ოსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 2014 წლის ივნისში აღიარა. ამ წლის 11 მაისს ხელი მოეწერა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებას. იმავე დღეს ხელმოწერილი იქნა აგრეთვე პროტოკოლი ორი რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკურ უწყებებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ.