უცხოეთი
ნაძირალა ხარ და არამზადა! – სააკაშვილმა უკრაინის იუსტიციის მინისტრი და ასევე თავისი ყოფილი მეგობარი გია გეწაძე კაბინეტიდან გაყარა

   საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. უკრანის იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ექსგუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს საკუთარი პარტიის რეგისტრაციაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილის პარტიის 200–მდე მომხრემ, დროშებით, პლაკატებითა და საბურავებით, ხმაურიანი საპროტესტო მიტინგი გამართეს იუსტიციის სამინისტროსთან კიევში. სააკაშვილის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა უკვე დაარეგისტრირეს ფეიკი პარტია „სააკაშვილის ბლოკი“ სხვა ადამიანზე, რომელმაც სახელი შეიცვალა და მიხეილ სააკაშვილი დაირქვა. საქართველოს ექსპრეზიდენტის თქმით, უწინ ამ ადამიანმა დარტ ვეიდერი დაირქვა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის.

სააკაშვილი უკრაინის უმაღლესი რადის სახალხო დეპუტატ სერგეი ლეშჩენკოსა და კიდევ ორ სხვა მომხრესთან ერთად უკრაინის იუსტიციის მინისტრის, პაველ პეტრენკოს კაბინეტში შეიჭრა: „მე ქვეყანა ავაშენე, შენ კი ნაძირალავ, რას აკეთებდი, რეიდერობის გარდა? შე არამზადავ!“ – უყვიროდა სააკაშვილი, რის შემდეგაც პეტრენკო იძულებული გახდა, საკუთარი კაბინეტი დაეტოვებინა (ვიდეო იხ. აქ).

პეტრენკოსთან ერთად სააკაშვილმა კაბინეტიდან გააძევა თავის მეგობარი და ყოფილი თანამოაზრე, რომელიც თავად ჩაიყვანა უკრაინაში თავის დროზე – იუსტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძე: „თუ დახმარება შეგიძლია, დაგვეხმარე, თუ არადა, გაეთრიე აქედან!“ – ყვიროდა სააკაშვილი, რაზეც გეწაძემ მიუგო: „პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო ძვირფასია!“.