პოლიტიკა
რესპუბლიკელები და "თავისუფალი დემოკრატები" თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთ ბლოკად გაერთიანდნენ

   საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. რესპუბლიკური პარტია და “თავისუფალი დემოკრატები” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ერთ ბლოკად იბრძოლებენ. სამომავლო გეგმების შესახებ 29 მაისს ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

“თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლის შალვა შავგულიძის თქმით, “თავისუფალმა დემოკრატებმა” და რესპუბლიკურმა პარტიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს 2012 წლის არჩევნებში “ქართული ოცნების” კოალიციის გამარჯვებაში.

შალვა შავგულიძემ “ქართულ ოცნებასთან” განხეთქილების მიზეზებზეც ილაპარაკა.

ჩვენი გზების გაყრასთან ერთად ივანიშვილის ქართულმა ოცნებამ სხვადასხვა უღირსი მეთოდის გამოყენებით მნიშვნელოვანი ზიანი მოგვაყენა, როგორც რესპუბლიკელებს, ისე თავისუფალ დემოკრატებს, რაც გამოიხატა პარტიის წევრების, მათ შორის ლიდერების დაშანტაჟებაში, გადაბირებაში, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ ორივე პარტია ერთი იდეოლოგიისაა.

„ჩვენი ხელისუფლება არ იცავს ადამიანის სიცოცხლის უფლებას და არ ცვლის კანონმდებლობას. დღესაც მივიღეთ კლანური სასამართლო. დღესაც გვისმენენ და გვითვალთვალებენ. დღესაც ლაპარაკობს ხელისუფლება ცენტრალიზაციაზე და არა ძლიერ თვითმმართველობაზე.  ამ რეალობის შესაცვლელად გავერთიანდით ერთ ბლოკად“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.