აქტუალური
ქართულ შეიარაღებაში საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევს ნატოს სტანდარტების ანალოგი ანაცვლებს

   საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) დღე ამერიკული წარმოების ტყვიამფრქვევის M-240 საცეცხლე შესაძლებლობების დემონსტრირებით დაიწყო. წლის ბოლომდე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამანევრო ქვედანაყოფებში არსებულ საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევს PKM ნატოს სტანდარტების ამერიკული ანალოგი M-240 ეტაპობრივად ჩაანაცვლებს. შემდეგ ეტაპზე კი საბჭოთა წარმოების PKM-ის ამერიკული ტყვიამფრქვევით ჩანაცვლება მთელ ქართულ შეიარაღებაშია დაგეგმილი.

JTEC-ის სასროლეთზე ნატოს სტანდარტების იარაღის საცეცხლე შესაძლებლობები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პირადად გამოსცადეს. ამერიკული ტყვიამფრქვევის საცეცხლე შესაძლებლობების დემონსტრირებას აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

იარაღის შესაძლებლობების დემონსტრირების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ მერაბ ტაბიძეს სიმბოლურად ამერიკული წარმოების ტყვიამფრქვევი M-240 გადასცა. 43-ე ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში ნატოს სტანდარტების იარაღით აღიჭურვება და წვრთნას გაივლის.